რუსეთი

NATO: რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ ჰგავს შემთხვევითობას

northcountrypublicradio

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის ორჯერ დარღვევა არ ჰგავს "შემთხვევითობას". მისი თქმით, რუსეთს არ აუხსნია საჰაერო სივრცის დარღვევის "რეალური მიზეზი", მსგავსი ქმედება კი "მიუღებელია".

NATO-ს 28 წევრმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა, რუსეთი გააფრთხილეს "ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის უკიდურესი საფრთხის შემცველობის" შესახებ და მოუწოდეს, "აღკვეთოს და შეწყვიტოს" მსგავსი ფაქტები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის დროს თურქეთს ჰქონდა თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება.

რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა 2 დღის განმავლობაში თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვიეს. თვითმფრინავები თურქეთის გავლით სირიის მიმართულებით გაფრინდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი უკვე მეორედ დაიბარეს.

რუსული მხარის განცხადებით, შაბათს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა უამინდობის გამო რამდენიმეწამიანი შემთხვევითობა იყო. კვირის ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები