2016 წლის ბიუჯეტი

2016 წლის ბიუჯეტით მთავრობა პრივატიზაციის 35 მილიონით შემცირებას გეგმავს

REUTERS | Associated Press

მთავრობა მომავალ წელს პრივატიზაციის მოცულობის 35 მილიონით შემცირებას გეგმავს, რაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით უკვე განსაზღვრულია. მომავალი წლის საპროგნოზო პრივატიზაციად ამ დროისთვის 200 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც 2015 წლის 235-მილიონიან გეგმაზე ნაკლებია. 

მთავრობა ლარის კურსის სწრაფი გამყარებისთვის პრივატიზაციის მასშტაბური ტალღის დაწყებას აპირებდა. არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც წელს სახელმწიფოს $300 მილიონის ღირებულების ქონება უნდა გაესხვისებინა. თუმცა საბოლოოდ 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში პრივატიზაციის გეგმად $300 მილიონის ნაცვლად 235 მილიონი ლარი განისაზღვრა. 2016 წელს კი მისი კიდევ 35 მილიონით შემცირებას იგეგმება. 

"მარტო ამ ობიექტების პრივატიზაციით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ $300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას", - ამის შესახებ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თებერვალში განაცხადა. თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 8 მსხვილი ობიექტის პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი $48 მილიონს შეადგენს.

მთავრობამ 21 სექტემბერს, საპრივატიზაციოდ გამზადებული $35 მილიონად შეფასებული ბობოყვათის რეზიდენცია კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ საპატრიარქოს გადასცა. მთავრობამ ასევე საპრივატიზაციოდ გამზადებული ათონელის რეზიდენციის გასხვისებაც გადაიფიქრა. 

ბიუჯეტის არსებული ვარიანტი წინასწარია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პრივატიზაციის საპროგნოზო მოცულობა შეიძლება გაიზარდოს.

პრივატიზაციის დროს სახელმწიფოს კუთვნილი არაფინანსური აქტივები კერძო ბიზნესს გადაეცემა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი ახალ ქონებას იძენს და მისი მეშვეობით დამატებით ღირებულებას ქმნის.

კომენტარები