სირიის კრიზისი

რუსეთისა და აშშ-ის სამხედროები საჰაერო იერიშებზე მოლაპარაკებებს გეგმავენ

BBC

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის სამხედროები „რაც შეიძლება, მალე" ერთობლივ შეხვედრას გეგმავენ, რათა თავიდან აიცილონ სამხედრო შეტაკება სირიაში - ამის შესახებ ორივე ქვეყნის დიპლომატებმა განაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების თქმით, ოთხშაბათს მათმა თვითმფრინავებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ 20 მისია შეასრულეს. აშშ კი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმის ობიექტი არა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, არამედ რუსეთის პარტნიორის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტები იყვნენ. ამასთან, აშშ საჰაერო დარტყმებით ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში.

NATO-ს განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთსა და აშშ-ს შორის კოორდინაციის ნაკლებობა შეინიშნება. ვაშინგტონის ცნობით, ოთხშაბათის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთი საათით ადრე მიიღეს.

New York Times-ისა და Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე აშშ-ის მხარდაჭერილი აჯანყებულები იყვნენ, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) გაწვრთნილი სამხედროები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, „საჭიროა კომუნიკაციის გზების გამონახვა, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები". მისი ამერიკელი კოლეგის, ჯონ კერის განცხადებით კი, „შეხვედრა აუცილებლად შედგება უახლოეს დღეებში, შესაძლოა ხუთშაბათსაც კი".

„ერთია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მეორეა შეშფოთება და ეჭვი, რომ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც ხდება", - დაამატა ჯონ კერიმ.

„საინტერესოა, რომ მათ (რუსებს) არ დაურტყამთ ისლამური სახელმწიფოსთვის. დანარჩენი დასკვნები თავად გააკეთეთ", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა French MPs-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ოთხშაბათს რუსეთის საჰაერო იერიშის დროს სამიზნე ობიექტების სიახლოვეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არ იყვნენ განლაგებულნი, სამიზნეს ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაში მყოფი აჯანყებულები წარმოადგენდნენ, რაც ამყარებს ეჭვს, რომ რუსეთის მიზანი არა ისლამური სახელმწიფოს განადგურება, არამედ ასადის ძალაუფლების განმტკიცებაა.

კომენტარები