სირიის კრიზისი

პუტინმა ფედერეციის საბჭოსგან სირიაში ჯარების განთავსებაზე თანხმობა მიიღო

forbes.com

ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოსგან უკვე ოფიციალურად მიიღო თანხმობა სირიაში ჯარის განთავსების შესახებ. რუსეთის ფედერაციის ზედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას.

რუსეთი უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამს სირიაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით. მოსკოვი ასევე განიხილავს საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. სერგეი ივანოვმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, Interfax News Agency-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ პარლამენტმა რუსული ავიაციის გამოყენების ნებართვა გასცა.

ფედერაციის საბჭომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოთხოვნა ეხებოდა სამხედრო კონტინგენტის ქვეყნის ტერიტორიის გარეთ განთავსებას და ეფუძნებოდა "საერთაშორისო სამართლით აღიარებულ უნივერსალურ პრინციპებსა და ნორმებს".

სირიის საკითხთან დაკავშირებით ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ვლადიმირ პუტინი ღიად აფიქსირებს მხარდაჭერას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ.

ორშაბათს, გაეროს სამიტზე ნიუ-იორკში, პუტინს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სირიაში საავიაციო ძალების გამოყენებას. „ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენი ქმედებები მკაცრ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართალთან", - განაცხადა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს, როდესაც პუტინმა სამხედრო კონტინგენტის ქვეყნის გარეთ განთავსების ნებართვა მოითხოვა, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორია დაიკავეს და ყირიმი შეიერთეს.

კომენტარები