ღვინის ექსპორტი

მთავრობამ უცხოეთში ქართული ღვინის მარკეტინგისთვის 10 მილიონი დახარჯა

agenda.ge

წელს ქართული ღვინის მარკეტინგისთვის მთავრობამ 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი მარკეტინგის მიმართულებით თავად ღვინის კომპანიებიც გააქტიურდებიან.

"დაახლოებით 10 მილიონი ლარის ფარგლებშია ჯამში დახარჯული. ეს გახლავთ გადანაწილებული ბიუჯეტი. სულ წინა პერიოდის მანძილზე მარკეტინგის თანხები იყო ხუთჯერ ნაკლები. მე ვფიქრობ, რომ არც ეს არ არის საკმარისი, რადგანაც ჩვენ გვაქვს ახალი პერსპექტიული ბაზრები. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო ბიზნესმაც ამ მიმართულებით თავისი საქმე გააკეთოს და თვითონაც უნდა მაქსიმალურად იაქტიუროს", - ამბობს დანელია.

ღვინის მარკეტინგი ძირითადად ახალ ბაზრებზე მიმდინარეობს. წელს CNN-მა და Washingtonpost-მა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ მოამზადეს სტატიები. Washingtonpost-ის სტატიაში ყურადღება იმაზე იყო გამახვილებული, რომ ქართული ღვინის შეძენა აშშ-იც არის შესაძლებელი. ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინური ბაზრისთვისაც აწარმოებს მარკეტინგულ სამუშაოებს. სააგენტოს ორგანიზებით ჩინური მედიის რამდენიმე ჯგუფი უკვე იმყოფებოდა საქართველოში. ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა წელს 60%-ით გაიზარდა და 1.4 მილიონი ბოთლი გახდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 6%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ექსპორტი ჯერ კიდევ მცირეა აშშ-ში, სადაც ყოველწლიურად ყველაზე მეტ ღვინოს მოიხმარენ, თუმცა ამ ბაზარზე მოხმარებული ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. აშშ-ზე ექსპორტირებული ღვინის მხოლოდ 0.7% მოდის. 

6-8 სექტემბერს საქართველოში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომლის მიზანსაც უცხოელი სპეციალისტებისთვის ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ღვინოებისა და ყურძნის ჯიშების, ქართული სამზარეულოს და კულტურის გაცნობა წარმოადგენდა. ქვევრის ღვინო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშიც არის შეტანილი.

მარკეტინგის დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, წელს ღვინის ექსპორტი 46%-ით არის შემცირებული, რაც უმსხვილეს ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში -არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. 2014 წელს რუსული ბაზრის გახსნის გამო ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაქსიმალური - $180 მილიონი გახდა. ამავე პერიოდში შეიქმნა ვითარება, როდესაც ქართული ღვინის თითქმის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადიოდა. დღესაც ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო მიმართულებად რუსეთი რჩება, რომელზეც ღვინის ექსპორტის 50% მოდის.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ წელს 2013 წლის ექსპორტის მიღწევა მაინც იქნება შესაძლებელი, რისთვისაც წლის ბოლომდე დარჩენილ სამ თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე კიდევ დაახლოებით $60 მილიონის ღირებულების ღვინო უნდა გავიდეს. ოთარ დანელიას თქმით, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და 3.5 მილიონ ბოთლს მიაღწია. წელს სულ 23 მილიონი ბოთლი ღვინო არის ექსპორტირებული, რომლის ღირებულებაც $55 მილიონს აღემატება. თუმცა წელს ღვინის კომპანიებმა რუსეთის გარდა სხვა ბაზრებზე, სადაც საქართველოს ცნობადობა მაღალია, გადატვირთვები სწრაფად ვერ გაზარდეს, მაგალითად, პოლონეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა წელს მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ასევე 1%-ით გაიზარდა ექსპორტი ლიტვაში, ლატვიაში კი, წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ზრდა 2% იყო.

კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მექსიკის შემდეგ ღვინის ოცდამეოთხე ყველაზე დიდი მწარმოებელია და მას ბაზრის 0.3% უჭირავს. საქართველოში წარმოებული ღვინის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე რჩება. 

კომენტარები