ღვინის ექსპორტი

ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა – საექსპორტო ქვეყნების ხუთეული

Getty Images

ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2021 წლის 8 თვეში, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული და მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. 

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  • რუსეთი
  • უკრაინა
  • პოლონეთი
  • ჩინეთი
  • ყაზახეთი

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ  ქვეყნებში: კანადა - 132%, შვედეთი - 65%, ჩეხეთი - 646%, საფრანგეთი - 31%, ყაზახეთი - 37%, ისრაელი - 52%, აზერბაიჯანი - 21%, თურქეთი - 156%, უკრაინა - 16%, რუსეთი - 17%, მონღოლეთი - 316%, ბელარუსი - 13% და ა.შ.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.

ღვინის გარდა, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1.3 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

კომენტარები