თბილისის მერია

ნარმანია ხაბეიშვილზე: კაბინეტში მერის გარდა, ბრიფინგს არავინ ატარებს

ტაბულა

"ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს, პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე, მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ის სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისთვის საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარებაზე უფლების არმიცემას გამოეხმაურა. ნარმანიას თქმით, "კაბინეტში, მერის გარდა, არავინ ბრიფინგს არ ატარებს".

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. მას კაბინეტში ბრიფინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. ხაბეიშვილს განუმარტეს, რომ ბრიფინგი პრესსამსახურთან არ იყო შეთანხმებული. თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ ბრიფინგის ჩატარება საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის უფროსს თინათინ მგელაძეს შეუთანხმა. მისი თქმით, ის იმ გუნდთან ერთად მუშაობას არ აპირებს, ვინც "თბილისელებზე არ ზრუნავს". ლევან ხაბეიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს ხაბეიშვილი მერიიდან გაათავისუფლეს და თანამდებობაზე სასამართლომ აღადგინა.

"პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის მერიაში ვტოვებ თანამდებობას. 2014 წლის 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს მერიიდან. სამი სასამართლო პროცესის მოგების შემდგომ მე დღეს ვიკავებ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. ჩემი ერთწლიანი ბრძოლა იყო სიმართლისთვის და ამ სიმართლის აღსრულებისთვის. ჯერ კიდევ 2015 წლის 27 იანვარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა აღვედგინე მერიაში, მაგრამ 7 თვე დამჭირდა, რომ დამტკიცებული სიმართლის აღსრულება მომხდრიყო. ეს ბრძოლა არ იყო ჩემი თანამდებობისთვის და პირადი მიზნებისთვის. ეს ბრძოლა იყო საჯარო მოხელეებისთვის. ყველამ გაიგოს, რომ აღარავინ, აღარასდროს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურიდან. ეს იყო ბრძოლა იმის საჩვენებლად, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როცა მართალი ხარ, არცერთი ნაბიჯი უკან. არ ვაპირებ, არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში, სადაც თბილისელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს. ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენა დედაქალაქის მერზე და მის გუნდზე საჯაროა, შესაბამისად, ვფიქრობ, მარტივი გასაგებია ჩემი გადაწყვეტილება. სიმბოლური იყო ჩემი რამდენიმე სამუშაო დღე. ვეცადე, პირადად ამეხსნა კალაძის ცოლისძმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი ძალიან სერიოზულ შარშია და, ფაქტობრივად, გროვდება საბუთები, რაც მისი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემის გარანტი იქნება", - წერს Facebook-ის გვერდზე ხაბეიშვილი.

კომენტარები