მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ეკონომიკური გუნდის მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქადაგიძემ თქვა, რომ სებ-ი უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისთვის მზად არის. მთავრობა კი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესამცირებლად საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნას გამოხატავს.
"ჩვენ ჩვენის მხრივ და მთავრობა მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ, თავის მხრივ მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება. ამასთან ერთად ვთანხდებით, რომ სავალუტო ფონდის მიმოხილვის განახლების აუცილებლობაზე. ყველა ის ღონისძიება ერთად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება."-განაცხადა ეკონომიკური გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქადაგიძემ.
დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს 2.45-ს მიუხალოვდა. ერთ მეათასედზე მეტი თეთრით გაუფასურების შემთხვევაში ლარის კურის 2.45-ს გადააჭარბებს, რაც ეროვნული ვალუტის არსებობის ისტორიაში პიკური წერტილი იქნება.
საქართველოში დახარჯული დაახლოებით ყოველი მესამე ლარის მხარჯველი მთავრობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჭარბი ხარჯვით ბაზარზე ლარის ოდენობის გაზრდა შეუძლია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს, დაბალანსებული ხარჯვის პირობებში კი სამთავრობო ხარჯები განაწილებულია და ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა არ გააჩნია.
ლართან დაკავშირებით დღესვე კომენტარი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმაც გააკეთა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ თუკი აშშ დოლარის ღირებულება 2.54-ს გადააჭარბებს, ამას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.
"ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება", - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.
ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.