ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო მეთოდოლოგიის შეცვლამ დააწინაურა

ტაბულა

ეკონომიკური თავისუფლების 2015 წლის ინდექსში საქართველოს ავსტრალიასა და ჩილეს შორის მე-11 ადგილი უჭირავს. ქვეყანამ წინა წელთან შედარებით ადგილი ორი პოზიციით გაიუმჯობესა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ავტორი ორგანიზაციის, ფრეიზერის ინსტიტუტის, ქართული პარტნიორის - ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებლის პაატა შეშელიძის თქმით, ამ ინდექსში საქართველოს დაწინაურება სხვა ფაქტორებთან ერთად მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება. კვლევითი ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ ანგარიშს ორი წლის წინ არსებულ მდგომარეობაზე ავრცელებს.

"კვლევა ითვალისწინებს, რომ ყოველწიურად იცვლება მეთოდოლოგია და პრაქტიკულად ყოველთვიურად შედის მეთოდოლოგიაში კორექტირება. ყოველწლიურად კი ამ ახალი ცვლილების შესაბამისად ხდება წინა წლების გადათვლაც, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს. წელს იყო შემოღებული ისეთი მუხლები ამ კვლევაში, რომლებიც სასარგებლო აღმოჩნდა საქართველოსთვის, მაგალითად, ეს არის პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელი და ასე შემდეგ, რამაც მნიშვნელოვანი წინსვლა მოგვცა, და გადათვლის შემდეგ გასული წლის მონაცემებიც იყო გადახედილი და გასულ წელსაც გაუმჯობესება დაგვიფიქსირდა. 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, როგორიცაა ბიუროკრატიის მოცულობა, ბიზნესრეგულაციები და კანონის უზენაესობა. არსებული კრიტერიუმებიდან საქართველო ყველაზე მაღალ მეექვსე ადგილს საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული რეგულაციებისთვის იკავებს. პაატა შეშელიძის შეფასებით, იმის გამო, რომ მონეტარული პოლიტიკა უარესდება, პარლამენტი ახალ რეგულაციებს იღებს, ასევე ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ზრდა ბიუჯეტის დეფიციტისა და საგარეო სესხის აღების მიმართულებით, არსებობს ვარაუდი, რომ მომავალ წელს საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდება. თუმცა მომავალი წლის ინდექსიც მეთოდოლოგიის ცვლილებაზე არის დამოკიდებული. 

პაატა შეშელიძის შეფასებით, საქართველოს დაწინაურების კიდევ ერთ მიზეზს სხვა ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, მიერ ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით ვითარების გაუარესებაც წარმოადგენს. რეიტინგის მიხედვით საქართველო აშშ-ზე 5 ადგილით მოწინავე პოზიციას იკავებს. 

საქართველო სხვა კვლევითი ორგანიზაციების შეფასებითაც მოწინავე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. იგი 22-ე ადგილს იკავებს Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში.

კომენტარები