ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო 157 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა

ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
თბილისის მერია

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2015 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს ქვეყნების 2013 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ საუკეთესო ოცეულში დაიმკვიდრა პოზიცია და 157 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი დაიკავა. რეიტინგის მიხედვით საქართველო აშშ-ზე 5 ადგილით მოწინავე პოზიციას იკავებს. კვლევითი ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ ანგარიშს ორი წლის წინ არსებულ მდგომარეობაზე ავრცელებს.

საქართველო 2014 წლის ანგარიშში, რომელიც 2012 წელს მოიცავდა, მე-16 ადგილზე იყო, 2013 წლის ანგარიშში (რომელიც 2011 წელს მოიცავდა) - 25-ეზე, 2012 წლის ანგარიშში კი, რომელიც 2010 წელს მოიცავდა, 29-ე ადგილზე იყო. 

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ წელს პირველ ადგილზე ჰონგ კონგია, მეორე ადგილს სინგაპური, მესამეს კი ახალი ზელანდია იკავებს. 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, როგორიცაა ბიუროკრატიის მოცულობა, ბიზნესრეგულაციები და კანონის უზენაესობა. არსებული კრიტერიუმებიდან საქართველო ყველაზე მაღალ მეექვსე ადგილს საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული რეგულაციებისთვის იკავებს. 

  • ბიუროკრატიის მოცულობა - 7.7 ქულა 30-ე ადგილი
  • კანონის უზენაესობა - 5.8 ქულა 42-ე ადგილი
  • ვალუტა - 8.9 ქულა 61-ე ადგილი
  • ვაჭრობის რეგულაციები - 8.4 ქულა მე-6 ადგილი
  • რეგულაციების დონე - 7.9 ქულა 26-ე ადგილი
  • საკრედიტო ბაზრის რეგულაციები - 9.8 ქულა მე-15 ადგილი
  • სამუშაო ძალის რეგულაციები - 6.5 ქულა 82-ე ადგილი
  • ბიზნესრეგულაციები - 7.5 ქულა მე-13 ადგილი

საქართველომ 2013 წლის შემდეგ ქვეყნის შრომის ბაზარზე რამდენიმე ახალი რეგულაცია მიიღო, მათ შორის ამოქმედდა შრომის ინსპექცია, რაც სავარაუდოდ შემდგომი წლების ანგარიშში ქვეყნის პოზიციას ამ მიმართულებით შედარებით გააუარესებს. 

სომხეთი საქართველოს მეზობელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ოცეულში ადგილი უკავია. 2015 წლის ანგარიშში (რომელიც 2013 წელს ეხება) სომხეთი მე-18 ადგილზეა - წინა წელთან შედარებით ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა. 

საქართველო სხვა კვლევითი ორგანიზაციების შეფასებითაც ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მოწინავე ადგილს იკავებს. იგი 22-ე ადგილს იკავებს Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში.

კომენტარები