ლარის კურსი

ლარი 20 წლის ხდება

facebook.com/giorgi.kadagidze

2015 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი 20 წლის ხდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ლარის არსებული გაუფასურებიდან გამოსვლისთვის ერთადერთი სწორი გზა დასავლეთთან სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციაა. გასული ორი ათწლეულის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე გამყარებული 1995 წლის ზამთარში იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 1.23 ლარი ღირდა. ლარის გაუფასურების პიკი კი აზიის ფინანსური კრიზისის შემდგომ 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

"რამდენიმე დღეში ლარი 20 წლის გახდება. არ დავწერ რა და როგორ, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის ეს ისედაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ეს ცხრილი მხოლოდ ერთ რამეს უჩვენებს, არის მხოლოდ ერთი სწორი გზა და ეს არის დასავლეთთან სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია", - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

ლარის გაუფასურება ქვეყანაში ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებამ გამოიწვია, რის გამოც ახლა საქართველოში უფრო ნაკლები მოცულობით უცხოური ვალუტა შემოდის.

ლარის კურსი სხვა ფაქტორებთან ერთად დოლარის სიმყარეზეც არის დამოკიდებული. 1999 წელს ლარის ისტორიული გაუფასურების დროს დოლარის ინდექსი (DXY) გასული 25 წლის მაქსიმალურ ნიშნულზე იყო და 120-ს აჭარბებდა. დოლარის გამყარება ლარის უკანასკნელი გაუფასურების დროსაც შეიმჩნევა. დოლარის ინდექსი დღეისთვის 95-ს შეადგენს.

 

კომენტარები