საქართველო-ჩინეთი

ღარიბაშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა უზარმაზარი შესაძლებლობაა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული იწოდა. მისი თქმით, ჩინეთის პრემიერის შეთავაზება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ქვეყნისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას წარმოადგენს.

"ეს იყო ჩემი პირელი შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან და ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი საუბარი. პირველად მოხდა ასეთ მაღალ დონეზე ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გეგმების განხილვა. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ასეთი ურთიერთობები, როგორიც ახლა გვაქვს ჩინეთთან, არ ყოფილა დღემდე. მთავარი შედეგი ამ შეხვედრის არის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ჩინეთის პრემიერმა დააყენა საკითხი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის. ეს არის მილიარდ 600 მილიონიანი ბაზარი. ამაზე დიდი ბაზარი არ არსებობს მსოფლიოში. ჩვენ ამ წელიწადში მოვახერხეთ ევროპის 500 მილიონიანი ბაზრის გახსნა და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შევძელით რუსეთის ბაზარზე დაბრუნება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმატებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებს, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სრულად უერთდება და მხარს უჭერს "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტს.

" აბრეშუმის გზის აღდგენა თანამედროვე ეპოქაში არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ეს იქნება უნიკალური შანსი, რომ საქართველო ჩაერთოს ამ პროექტში, რომელიც ბევრ ინვესტიციას მოუტანს ქვეყანას,"-მიიჩნევს პრემიერი.
მისივე თქმით, თბილისი 15-16 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ელოდება 200 კაციან დელეგაციას ჩინეთიდან, რაც არის ჩინეთის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის დემონსტრირება.

"თუნდაც ის, რომ ჩინეთისთვის რეალურად არ არის მნიშვნელოვანი საწართველოს ბაზარი, მაგრამ ეს ამ ჟესტით მათ სურთ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მეწარმეებს. ამას ძალიან ვაფასებთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრი ასევე ჩინური მულტინაციონალური კომპანია ჰუავეის უფროს ვიცე-პრეზიდენტ ცუ ვენჩუს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჰუავეი საქართველოში ბიზნესის განვითარებით არის დაინტერესებული.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კომპანიამ, რომელიც საქართველოში 15 წელია წარმატებით საქმიანობს, გამოხატა ინტერესი ე.წ "უსაფრთხო ქვეყნის" კონცეფციის მიმართ, რაც გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უსაფრთხოების სისტემის მონტაჟსა და ინტერნეტიზაციას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ "ჰუავეი" დაეხმარება საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული "ელექტრონული მთავრობის" პროექტის განხორციელებაში.

 

კომენტარები