ალი და ნინო

„ალი და ნინოს“ ძეგლი ახალ ადგილას გაიხსნა

ალი და ნინო
აჭარის მთავრობის პრესსამსახური

„ალი და ნინოს ქანდაკება" ბათუმის ბულვარში, ე.წ. პანორამული ბორბლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გახსნის ცერემონიალს ძეგლის ავტორი, მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო.

პრესსამსახურის ცნობით, რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა. მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების გადაადგილება დასრულდა ძალიან კარგად, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. სასიამოვნო იყო, რომ გავიგე რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ამ ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, ნამდვილად კარგია, ერთადერთი რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ეშმაკის ბორბალთან ერთად შეიძლება ვერ გაიგოს მნახველმა ეს ატრაქციონია, თუ არა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ორი ობიექტი ერთმანეთს დაცილდება", -განუცხადა ჟურნალისტებს თამარ კვესიტაძემ.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს გადატანის მცდელობისას ორი ქანდაკებიდან ერთი დაზიანდა და მას შეკეთბა დასჭირდა.

ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21" ასრულებდა. ძეგლის გადატანის მიზეზად ზღვის ტალღების მიერ მისი საყრდენის დაზიანება დასახელდა.

კომენტარები