ენერგეტიკა

2015 წელს ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 80%-ით შემცირდა

PowerAfrica

2015 წელს პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების (FDI) მოცულობამ $20 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წელს არსებულ $102 მილიონთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უკვე მეხუთე კვარტალია მცირდება. ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა უკვე მეორე წელია მცირდება. 2014 წელს ამ სექტორში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 22%-ით შემცირდა. 

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების შემცირება ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სფეროს საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველობა შემცირებულია. ამასთანავე, ინვესტიციების შემცირება შესაძლოა გარკვეულწილად ახალი ჰიდროპროექტების გარემოზე გავლენის დადგენის ხანგრძლივ პროცესებს უკავშირდებოდეს, რომელთა გამოც მრავალი დიდი ზომის ჰიდროპროექტის განხორციელება ჭიანურდება. 

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისეთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ნენსკრის ჰიდროელექტროსადგური და ხუდონჰესი. ორივე პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $2 მილიარდს შეადგენს. ენერგეტიკოსების შეფასებით, ხუდონის პროექტი მრავალი მიზეზის, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო საკმაოდ ჭიანურდება. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე თბოელექტროსადგურის მშენებლობაც, მათ შორის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საწვავად საქართველოში მოპოვებულ ქვანახშირს გამოიყენებს. 

კომენტარები