სიძულვილის ენა

საქართველოს სომეხთა სათვისტომო ქართული ოცნებისგან რეაგირებას ითხოვს

საქართველოს სომეხთა სათვისტომო კოალიცია ქართულ ოცნებას მიმართავს. სათვისტომო კოალიციას მოუწოდებს შეისწავლოს ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებლი ქსენოფობიური განცხადება და საზოგადოებას ამცნოს შესაბამისი სანქციების შესახებ.

"აღნიშნული დოკუმენტის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ მასში ნამდვილად არის წარმოდგენილი ერთაშორისი შუღლის გაღვივებისა და არმენოფობიის ელემენტები. დოკუმენტში, სხვა თემებთან ერთად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი -სააკაშვილი არის ნახსენები, რომელსაც, აშკარა ნეგატიური კონტექსტით სომეხ ერთან აკავშირებენ. ეს დოკუმენტი ხულოს მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სახელით არის მიღებული. შესაბამისად პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის პუბლიკაციაზე მმართველ კოალიციას ეკისრება. საქართველოს სომეხთა სათვისტომო მმართველ კოალიციას მოუწოდებს სერიოზულად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და ქვეყნის საზოგადოებას ამცნოს იმ სანქციების შესახებ, რაც რეგიონალური ქვესტრუქტურის წარმომადგენლებზე იქნება დაკისრებული მსგავსი მიუღებელი, ქვეყნისთვის სახიფათო პოზიციის გაჟღერების გამო" - აღნიშნულია საქართველოს სომეხთა სათვისტომოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხულოს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვეერდზე გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც სომეხი ეთნოსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული.

ფაქტს დღეს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიაჩნიათ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული და სიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებგვერდზე განთავსებით, ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიისა და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა. 

კომენტარები