აშშ-ს სახმელეთო ჯარები ევროპაში

ჰოდჯისი: სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას, თანამშრომლობა ძალიან რთული იქნება

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ბენ ჰოდჯისი თბილისშია. მან ჟურნალისტებთან რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოსა და უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გენერლის აზრით, რუსეთი მთელს რეგიონში საზღვრების ძალისმიერი გზებით შეცვლით დესტაბილიზაციას იწვევს. ჰოდჯისმა ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ცენტრი ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს დაცვაში დაეხმარება. კითხვაზე თუ რამდენად შესაძლებელია მეზობლებისთვის პუტინის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, გენერალი პასუხობს, რომ არასწორია რუსეთის დამოკიდებულება როცა მეზობლებს უკანა ეზოდ განიხილავს.

"ჩვენ ყველას ამ რეგიონში სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება გვინდა. ეს NATO-სა და ევროკავშირის სურვილია. საქართველო სანდო პარტნიორია მას შემდეგ რაც ის პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამას  შემოუერთდა. ქართველი ჯარისკაცები ერაყსა და ავღანეთში NATO-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ.  ერთობლივი ცენტრის გახსნა ლოგიკური ნაბიჯია რათა მოხდეს უსაფრთხოების გამყარება რეგიონში. ცენტრი არ იქმნება არავის წინააღმდეგ. მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოების ძალებს საქართველოს დაცვაში. მე არ ვფიქრობ, რომ ის რაიმე სახის დესტაბილიზაციას იწვევს. დესტაბილიზაციას იწვევს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოს ტერიტორიას იპყრობს, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. დესტაბილიზაციაა როდესაც რუსეთი საკუთარი წარმომადგენლების გამოყენებით რთულს ხდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე 6- პუნქტიანი შეთანხმების მონიტორინგს. ამ შეთანხმების 6-ივე პუნქტი რუსეთმა დაარღვია.  არასწორია როდესაც რუსეთი საუბრობს მეზობელ ქვეყნებზე, როგორც ე.წ. უკანა ეზოზე , სადაც მას შეუძლია იმოქმედოს ისე როგორც უნდა. დღეს 21-ე საუკუნეა და ევროპულ ქვეყნებს, დემოკრატიულ ქვეყნებს თავად აქვთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი უსაფრთხოების საკითხები. რუსეთს არ აქვს უფლება მათ ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. " , - განაცხადა გენერალმა.

კითხვაზე რამდენად სწორია იმ ადამიანების აზრი, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრისაც, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომის უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს, გენერალი პასუხობს, რომ ეს შეიძლება მხოლოდ სტრატეგიის ნაწილი იყოს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის შეჩერება რათა მან არ გამოიყენოს შეიარაღებული ძალა მეზობელი ქვეყნების საზღვრების შესაცვლელად. 
"უკრაინელმა ხალხმა გააკეთა ევროპული არჩევანი. მათ სურთ რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. არავის არ უნდა რუსეთთან შეერთება. ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იქ სადაც შესაძლებლობები, თავისუფლება და ეკონომიკური განვითარების შანსია. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები ხელში ევროკავშირის დროშით დაიღუპნენ. მე დიდ პატივს ვცემ უკრაინის მთავრობას, უკრაინელ ხალხს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ცხადი მხარდაჭერა დონბასში სეპარატისტების მიმართ, ძალის გამოყენება ევროპული ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შესაცვლელად, ეს მიუღებელია. შარშან NATO-ს წევრმა 28 სახელმწიფომ თქვა, რომ ეს მიუღებელი ქმედებებია.ალიანსმა გადაწყვიტა, რომ გაზარდოს რეგიონში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების რაოდენობა და როგორც ხედავთ, აშშ-მ ეს საქართველოში გააკეთა.  უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, მაგრამ ევროპის ნაწილია. 28 სახელმწიფოს სჯერა, რომ რაც რუსეთმა იქ გააკეთა იყო არასწორი. მე მჯერა, რომ იარაღის მიწოდება თავისთავად არ არის სტრატეგია. ეს შეიძლება სტრატეგიის მხოლოდ ნაწილად განვიხილოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორ შევაჩეროთ რუსეთი რათა მან არ გამოიყენოს ძალა საზღვრების შესაცვლელად, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში გააკეთა, როგორ შევცვალოთ გარემო ისე, რომ რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, ალბათ გახსოვთ სიტუაციები როცა რუსეთთან ერთად ვმუშაობდით. რუსი ჯარისკაცები NATO-ს ჯარისკაცებთან ერთად იყვნენ ბოსნიაში, ჩვენ ვმუშაობდით ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ. ბევრი ისეთი არეალია სადაც ჩვენ თანამშრომლობა გვინდა.  სანამ ისინი გააგრძელებენ აგრესიას ევროპული მთავრობების წინააღმდეგ, ეს თანამშრომლობა ძალიან რთული იქნება.  როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში არ მისცეს დადებული ხელშეკრულების მონიტორინგის საშუალება, ასევე ხდება უკრაინაშიც - ეუთოს მისიის წარმომადგენლებს ფაქტობრივად არ ეძლევათ მინსკის შეთანხმების მონიტორინგის საშუალება. ეს ყველაფერი წარმოადგენს დესტაბილიზაციას - რუსეთი საუბრობს ატომური იარაღის გამოყენებაზე დანიის, შვედეთის და რუმინეთის წინააღმდეგ. ეს დაუშვებელია, ეს პროვოკაციულია. ", - განაცხადა გენერალმა. 

გენერალი ბენ  ჰოდჯისი აქტიურად ემხრობოდა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას.  უკრაინაში პუტინს საკუთარი ქმედებები უფრო ძვირი უნდა დაუჯდეს - გენერლის აზრით  სწორედ ეს შეუწყობს ხელს პუტინის რეიტინგის დაცემას რუსეთში. "ჩვენ შეგვიძლია უკრაინას 1000 ტანკი მივცეთ და ისინი არასდროს არ შეიჭრებიან რუსეთში. ", - ამბობდა  ჰოდჯისი 2015 წლის მარტში.  ჰოდჯისი რუსეთს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში 12 000 ჯარისკაცის შეყვანაში ადანაშაულებდა. " თუ არ გჯერათ, რომ რუსეთი პირდაპირაა უკრაინის პროცესებში ჩართული, ვერც ვერასდროს დაიჯერებთ. თქვენ უბრალოდ ამის დაჯერება არ გინდათ" , - დასძინა გენერალმა.  

ჰოდჯისმა მარტში NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა არ დაარღვიონ წესი და თავდაცვის ბიუჯეტზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ან მეტი დახარჯონ. "ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირის ლიდერია მიუღებელია ჰქონდეს ვერტმფრენები, რომლებიც ვერ დაფრინავს, თვითმფრინავები რომლებსაც ვერ იყენებს", - აღნიშნა გენერალმა. ჰოდჯისის თქმით, გერმანიის 109  ტაიფუნის ტიპის გამანდგურებლიდან  სარემონტო აუცილებლობების გამო მხოლოდ 42-ს შეუძლია მუშაობა ხოლო შეიარაღებულ ძალები ვერტმფრენების გაუმართაობის გამო საერთო წვრთნებში  ვერ იღებენ მონაწილეობას.  ჰოდჯისის თქმით, 2014 წლის NATO-ს წვრთნებში გერმანელი ჯარისკაცები იარაღის ნაცვლად ცოცხის ტარებს იყენებდნენ. 

ბენ ჰოდჯისი თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე დასაწრებად ჩამოვიდა, რომელსაც ჯონ მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ატარებენ. ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე ხვალ დიპლომატები, მკვლევრები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ისაუბრებენ.

 

კომენტარები