ენერგეტიკა

ენერგეტიკის სამინისტრო: მოხარული ვართ, რომ სოკარმა ტარიფი არ გაზარდა

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო მოხარულია, რომ სოკარმა კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაზარდა. 1 სექტემბერს სოკარმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის პირველი ოქტობრიდან კომერციული აბონენტების ნაწილისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას კუბურ მეტრზე 84 თეთრამდე გეგმავდა, თუმცა იმავე დღეს სოკარმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. 

უცნობია, თუ რატომ შეცვალა სოკარმა საკუთარი გადაწყვეტილება, რადგანაც კომპანიაში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.

"რამდენადაც მე განცხადებიდან შევიტყვე, ეს არის კომერციული სექტორისთვის, რომელიც არის დერეგულირებული, ანუ ტარიფის დადგენა როგორც ეს არის ელექტროენერგიის სექტორში, ასე არ ხდება. ეს არის კომერციული სექტორისთვის დერეგულირებული ტარიფის თემა და, შესაბამისად, ტარიფი არის კომპანიის გადაწყვეტილება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს არ ეხება კომერციულ მომხმარებელს, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ეს ზრდა არ მოხდება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასე არის ფორმალურად დაფიქსირებული, შემდგომში ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

სოკარი პირვანდელ განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ მისი გადაწყვეტილებით, "პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება".

 

კომენტარები