საარჩევნო სისტემის რეფორმა

ქართული ოცნება საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმას აქვეყნებს

კოალიცია ქართული ოცნება საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის საკუთარ გეგმას ასაჯაროებს. გეგმის მიხდვით, 2016 წლის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, "ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს და არავითარ შემთხვევაში 15 პროცენტს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა". გარდა ამისა, მმართველი კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემოღებულ იქნება 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას, რასაც ითხოვს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით.

„გეგმა არის შედეგი რთული, კომპლექსური და ხანგრძლივი შიდაპარტიული, შიდაკოალიციური და ინტერფრაქციული დისკუსიებისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ფარდობითი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზსა და შეფასებას ეფუძნებოდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმის თანახმად:
ა) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, "ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს და არავითარ შემთხვევაში 15 პროცენტს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა". ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას საპარლამენტო მანდატების განაწილებისას. გარდა ამისა, შემოღებულ იქნება 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის, რაც თვისებრივად აამაღლებს მაჟორიტარი დეპუტატების დემოკრატიული ლეგიტიმაციის ხარისხს. 
შედეგად, პირველად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პრინციპების სრული დაცვით. 
2016 წელს აირჩევა პლურალისტური და ქმედითი პარლამენტი, რომელიც, განსხვავებით 1995-2012 წლებში მოქმედი პარლამენტებისგან, ჯეროვნად უზრუნველყოფს კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვას და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს.
შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში ინიციატივის წესით წარადგენენ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე;
ბ) კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან.
მრავალმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარების პირობებში, შენარჩუნებული იქნება ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც, მნიშვნელოვანწილად, პასუხს გასცემს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები აცნობიერებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ამასთან, კოალიციის გადაწყვეტილება ეფუძნება რწმენას, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უახლოეს წლებში მიაღწევს განვითარების იმ ხარისხს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეების (შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის, მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ვერ ჩამოყალიბების რისკი და სხვ.) პრევენციისთვის არის აუცილებელი“, - აღნიშნულია ქართული ოცნების განცხადებაში.

კოალიცია ქართული ოცნების წევრი პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სისტემის რეფორმით დაინტერესებულ სხვა სუბიექტებს, მხარი დაუჭირონ კოალიციის მიერ შემოთავაზებულ „უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას, რომელიც შექმნის მყარ გრძელვადიან გარანტიას საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისათვის“.

შეგახსენებთ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. მათი ძირითადი მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 30 მაისს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს რვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თოთხმეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აწერენ. ხელმომწერები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

კომენტარები