NATO-საქართველო

დონდუა: MAP-ზე მნიშვნელოვანია NATO-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ MAP-ი არ არის წინსვლის და პროგრესის ერთადერთი ინდიკატორი. მისი თქმით, MAP-ზე გაცილებით მნიშვნელოვანია NATO-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში. 

"დღევანდელ შეხვედრაზე MAP-ზე საუბარი იყო როგორც ქართული მხარისგან, ასევე იენს სტოლტენბერგისგან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში MAP-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. MAP-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია NATO-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ თავსებადობამდე, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ასპირანტი ქვეყნისადმი. ყველაფერ ამის საშუალებას იძლევა სწორედ ეს ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება რამდენიმე საათში", - განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, NATO-ს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ალიანსისთვის და NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო არის NATO-ს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და საქართველოს და NATO-ს აქვთ საერთო ინტერესები. 

"ეს ინტერესები არის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა და ასრულდეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სრულ ინტეგრაციას გულისხმობს NATO-ში. ამისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ამ რეფორმებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა. ასევე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა გასულ სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ერთ-ერთი ღონისძიება არის სწორედ სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება დღეს", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ ინტერპრესნიუსის ცნობით. 

იენს სტოლტენბერგი საქართველოს გუშინ ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ასევე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები