გაერო-ში ვიზიტი

ბერუჩაშვილი: გაერო-ში საქართველოს დელეგაციას პრემიერი წარმოადგენს

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება გენდერული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით გაერო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას. კითხვაზე, საქართველოდან გაერო-ში ორი დელეგაცია გაემგზავრება თუ არა, ბერუჩაშვილი ამბობს, რომ ქვეყნიდან ერთი დელეგაცია გაემგზავრება. პრეზიდენტი კი მონაწილეობას მიიღებს "გარკვეულ ღონისძიებებში, რომელიც სპეციალურ თემებს მიეძღვნება". 

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საქართველომ ოფიციალურად გაიარა პროცედურით გათვალისწინებული რეგისტრაცია და ჩვენი ქვეყნის დელეგაციას გაერო-ში წარმოადგენს პრემიერმინისტრი. ის მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც პრემიერი, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია განვითარების სამიტთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შეაჯამებს იმ წარმატებებს, შედეგებს, რაც საქართველოს ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქვს. გარდა ამისა, გაერო-ს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია კიდევ მთელი რიგი ღონისძიება, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი წარმოადგენს, მათ შორის იქნება ბიზნესფორუმი. რაც შეეხება პრეზიდენტს, მოგეხსენებათ, რომ გაერო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება, რომელსაც ლიტვის პრეზიდენტი აწყობს და რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალთა საკითხთა გენდერული განვითარების პრობლემატიკას ეძღვნება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ის მიწვეულია ამ ღონისძიებაზე და მონაწილეობას მიიღებს მასში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სიტყვით გამოვა რამდენიმე უნივერსიტეტში. 

კომენტარები