სროლა ამსტერდამი-პარიზის რეისზე

ამერიკელმა სამხედროებმა ფრანგულ მატარებელში მაროკოელი ტერორისტი განაიარაღეს

განიარაღებული მაროკოელი ტერორისტი
dailymail.co.uk

ორმა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ და მათმა ბავშვობის მეგობარმა, ამსტერდამი-პარიზის მიმართულებით მოძრავ სწრაფმავალ მატარებელ Thalys-ში ტერორისტი განაიარაღეს, რომელმაც მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა. სპენსერ სტოუნმა და ალეკ სკარლატოსმა, რომლებიც ევროპაში მოგზაურობდნენ, კიდევ ერთ, წარმოშობით ამერიკელ, ენტონი სედლერთან ერთად, ტერორისტისთვის ავტომატის წართმევა და მისი გათიშვა შეძლეს.

მათი განცხადებით, ტერორისტი, რომლის გათიშვასაც ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, ავტომატის დაბრუნებას ითხოვდა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მათ მადლობა გადაუხადა "გამბედაობისა და სწრაფი რეაქციისთვის" - ობამას თქმით "მათმა გმირულმა რეაქციამ თავიდან აგვაცილა გაცილებით დიდი ტრაგედია".

შემთხვევა პარასკევ საღამოს მოხდა. ამ დროს მატარებელი საფრანგეთის ქალაქ არასთან იმყოფებოდა. ტერორისტი 26 წლის მაროკელია, რომელსაც პოლიციის განცხადებით ჰქონდა როგორც ცივი, ისე ცეცხლსასროლი იარაღი. ჯერ-ჯერობით უცნობია მოტივი, რატომ გახსნა დაკავებულმა ცეცხლი.

საფრანგეთის ნაციონალური რკინიგზის ინფორმაციით, სამი მგზავრი მძიმედ არის დაჭრილი. ფრანგული პრესის ცნობით, სროლის დროს ასევე დაზარალდა ფრანგი მსახიობი, ჟან-იუგ ანგლადი, ცნობილი ფილმებიდან "ნიკიტა" და "ლეონი".

 

კომენტარები