როი ჯონს უმცროსი

როი ჯონს უმცროსმა პუტინს რუსეთის მოქალაქეობა სთხოვა

ამერიკელი მოკრივე როი ჯონს უმცროსი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

"საუბარი გასულ წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, კერძოდ კი, ქალაქ სევასტოპოლში შედგა", - წერს Foxnews-ი.

სპორტს.რუ-ს ინფორმაციით, შეხვედრისას თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მოკრივემ, პუტინს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარება სთხოვა.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ გაგიცანით. ალბათ იცით, როგორ მიყვარს სპორტი, საბრძოლო ხელოვნება და კრივიც, რა თქმა უნდა. იმედია, წარმატებას რუსეთში, ბიზნესშიც მიაღწევთ", - უთხრა როი ჯონსს პუტინმა.

"მე სწორედ ამისთვის ჩამოვედი. ვიქრობ, რუსული პასპორტი რომ მქონდეს, გაცილებით მარტივი იქნებოდა ჩამოსვლა, რადგან აქ ხალხს უყვარს სპორტი. მე კი ამიტომ მიყვარს ეს ადგილი", - თქვა როი ჯონსმა.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მოკრივეს უპასუხა, რომ თხოვნას რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ის დიდი სიამოვნებით შეუსრულებს.

შეგახსენებთ, რომ როი ჯონს უმცროსი ისტორიაში პირველი მოკრივეა, ვინც ჩემპიონი საშუალო წონაში გახდა, შემდეგ კი ტიტული კიდევ სამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. 

კომენტარები