გაეროში ვიზიტი

ფხალაძე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს გაეროში გამოსვლის საშუალება მისცემოდა

თენგიზ ფხალაძე
ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, გიორგი მარგველაშვილს გაეროში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. ფხალაძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა მონაწილეობა აშშ-ში ქალთა როლის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.

"საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს. მისი ინიციატივით, 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მისი ამ ღონისძიებაზე მიწვევა", - აღნიშნავს ფხალაძე.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ყოფნა აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებისა და განვითარებისთვის მაქსიმალურად გამოიყენონ. მისი ინფორმაციით, იგეგმება შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

"რაც შეეხება გაეროს თემას, მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლიც აირჩევა პირდაპირი საერთო სახალხო არჩევნებით. აქედან გამომდინარე და ასევე მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საერთაშორისო არენაზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. რაკი პრეზიდენტი იმ პერიოდში არის შეერთებულ შტატებში, როდესაც იხსნება გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, მას მისცემოდა საშუალება, სიტყვით გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე", - თქვა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ამ პოზიციას გაიზიარებენ.

ცნობისთვის, ნიუ იორკში სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა. პრემიერი ასევე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება, თუმცა საქართველოდან ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტიც, გიორგი მარგველაშვილიც არის მიწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან მეორე, პრეზიდენტის დელეგაციაც გაფრინდება ნიუ იორკში. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელსაც ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მოწვევა საქართველოს პრემიერმინისტრს ჰქონდა, ამავდროულად, პრეზიდენტი მიწვეული იყო კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე, თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩაშლილი იყო. საბოლოოდ კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტსაც საქართველოს პრემიერი დაესწრო. 

კომენტარები