პურის ფასი

დანელია: ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს. მინისტრი პურის გაძვირების ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია.

"საქართველოში არის ხორბლის ძალიან დიდი მოსავალი. მესმის, რომ ეს შეიძლება ცალსახად სასურსათო დანიშნულებისა ვერ იყოს, მაგრამ შერევისთვისთვის ეს არის მისაღები ხარისხი. პლუს ამას ემატება ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასი, ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით ხორბალი ყველგან გაიაფებულია, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს", - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი გუშინ კომპანია იფქლის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ მინისტრთან მისი შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა სამინისტროდან აცნობეს, რომ შეხვედრა არ გაიმართებოდა. დანელიას თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

"მე ასევე მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ, იფქლის ხელმძღვანელის, განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხედრილიყავით და სამინისტროდან შეუთვალეს, რომ არ ვხვდებით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დიახ, ჩვენ უნდა შევხვდეთ და სავარაუდოდ შევხვდებით მიმდინარე კვირაში", -აღნიშნა დანელიამ.

მისივე თქმით, ძალიან აინტერესებს და დააკონკრეტოს ყველამ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრებულია კონტროლი ფქვილისა და ხორბლის ნაწილში.

"ძალიან მაინტერსებს და ვთხოვდი ნებისმიერს, დააკონკრეტოს ის მიმართულება, როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრდა კონტროლი ხორბლისა და ფქვილის ნაწილში. მე ძალიან მაინტერესებს, კონკრეტულად თქვან რას გულისხმობენ, იმიტომ რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით და საინტერესოა ჩვენც რომ ვიცოდეთ", -განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, პურის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე იფქლი, უახლოეს მომავალში საკუთარ ქსელში პურის ფასის 10 თეთრით მატებას არ გამორიცხავს. კომპანიაში პურის გაძვირების აუცილებლობას ფქვილის ფასის ზრდით ხსნიან. გასული პერიოდის მანძილზე პურის ფასმა ერთ ტომარაზე 44 ლარს მიაღწია, პურის არსებული ფასი კი ტომარა ფქვილზე 37 ლარით იყო გაანგარიშებული. იფქლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფქვილის ბაზარი არასაკმარისად ღიაა და ქვეყანაში მის იმპორტირებას პრაქტიკულად მხოლოდ ერთი კომპანია ეწევა. იფქლმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფქვილის შემოტანის საკუთარი პროექტიც განახორციელა, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათ გარკვეული საბაჟო დაბრკოლებები შეექმნათ, რის გამოც ტვირთის მიღება დაგვიანდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, კი "ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს".

კომენტარები