ე.წ. კაბელების საქმე

ხიდაშელი: პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები სამსახურში აღვადგინეთ

თინა ხიდაშელი
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ხიდაშელის თქმით, მათ სამსახურში აღადგინეს ისინი, ვისაც უფლებამოსილება პატიმრობის გამო ჰქონდა შეჩერებული. მინისტრის თქმით, სასამართლომ გააუქმა ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანებს შეჩერებული ჰქონდათ უფლებამოსილება, ამ შეჩერების გაუქმების გამო კი ეს პირები სამსახურში აღდგნენ. სასამართლომ საქმეში ბრალდებული ხუთი პირი პატიმრობიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა. კადრების თანამდებობაზე აღდგენას თავისუფალი დემოკრატების წევრები მიესალმებიან. 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანების პატიმრობა შეწყდა, სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის სხვა ღონისძიება და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს კანონის მოთხოვნების პირდაპირი დაცვით. ამიტომ ჩვენ როგორც კი მოგვმართეს და სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოგვიდგინეს, მე მოვაწერე ხელი მათი სამსახურში აღდგენის ბრძანებას. როდესაც იყო გარკვეული პრეტენზია, ხომ არ იქმნება ამ გადაწყვეტილებით რაიმე პრობლემა, რომ ეს ადამიანები დაბრუნდებიან ისევ თავდაცვაში, ხელმისაწვდომი გახდება მათთვის ის დოკუმენტაცია, მტკიცებულებები და ასე შემდეგ - ასეთი საუბრის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. თავდაცვის სამინისტრო არ არის უდანაშაულო-დამნაშავეობის განმსჯელი, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამას სასამართლო გადაწყვეტს, ამ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო წარმოება, სამ სექტემბერს ჩანიშნული არის სხდომა. მათი აქ მოსვლით ხელი შეეშლება თუ არა გამოძიებას, ამასაც გასცა გამოძიებამ პასუხი, როდესაც მათ პატიმრობა შეუცვალა სხვა აღმკვეთი ღონისძიებით - იქ თქვა, რომ პატიმრობა იმიტომ უნდა შეჩერდეს, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს ",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. 

კომენტარები