საგარეო ვაჭრობა

ივლისში ექსპორტი 24%-ით, იმპორტი კი 16%-ით შემცირდა

nwdc.co.za

2015 წლის ივლისში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ სულ $187 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის ივლისის თვის მაჩვენებელზე 24%-ით ნაკლებია. 2015 წლის ივლისში ასევე 16%-ით შემცირდა იმპორტი და მან $662 მილიონი შეადგინა. ექსპორტის კლება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

საქსტატის მონაცემებით 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტმა სულ $1.269 მილიარდი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია, იმპორტის მოცულობამ კი - $4.30 მილიონი, რაც 2014 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება. 

იმპორტის შემცირებას უარყოფითთან ერთად დადებითი ეფექტიც აქვს, რადგანაც იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტის დასაფინანსებლად უცხოეთში უფრო ნაკლები თანხა გაედინება. 

წელს ივლისის ჩათვლით საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $3 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $3 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია, რადგანაც სხვა წყაროები, როგორიცაა ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, შემცირებულია, რაც ლარის გაუფასურების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 

კომენტარები