ტელეკომპანია რუსთავი 2

გვარამია: ასეთი მოქმედებებით ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ უშედეგო და უპერსპექტივოა

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2 მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს. რუსთავი 2-ს რამდენიმე მოთხოვნა აქვს - არ განიხილოს საქმე აღნიშნულმა მოსამართლემ; საჩივარი განიხილონ ზეპირი მოსმენით და განხილვა მოეწყოს სამი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"განჩინების თანახმად, ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის მთელს ქონებას - მათ შორის, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობას, მიწის ნაკვეთს და ა.შ. ნამდვილად ცინიკურია და ბედის ირონიაა ეს იმიტომ, რომ ეს ის ქონებაა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს. ეს არის ბოლო 3 წლის განმავლობაში შეძენილი ქონება რუსთავი 2-ის მიერ. ასევე ქონება, რომელიც კაპიტალის სახით შემოიტანა ახალმა დამფუძნებელმა შპს ტელეკომპანია საქართველომ, რომელმაც, პრაქტიკულად, გააორმაგა რუსთავი 2-ის კაპიტალი.

ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს ჩვენი კომპანია გამდიდრდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. ეს არის რამდენიმე გადამცემი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მაშინ კომპანიისთვის და ახლა, პრაქტიკულად, სრულიად უსარგებლოა იმიტომ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, მთავარი და გადამწყვეტია, ყადაღაზე უფრო მძიმე - როგორც მოგეხსენებათ, ახალი სარეკლამო რეგულაციების პირობებში ძალიან გართულებულია ფულის მოძრაობა, ძალიან შემცირდა სარეკლამო ბაზარი, ამიტომ ტელეკომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობამ. პირველ რიგში, ბანკებთან, ასევე კერძო პირებთან, რომლებისგანაც შეიძლება, სესხი ავიღოთ და ა.შ. ამ განჩინების თანხმად, რომელიც გამოიტანა მოსამართლე ურთმელიძემ, ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს კერძო პირისგან, ვერ ავიღებთ კრედიტს ბანკისგან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ გავაქირავებთ შენობებს, ეკრანებს, რაც გაქირავებული გვაქვს და შემოსავალს ვიღებთ აქედან. ესეც ჩვენს შემოსავალს დააკლდება. ასევე, აკრძალული გვაქვს ნებისმიერი რამის ყიდვა უცხოელი პარტნიორებისგან, რადგან ნებისმიერ ყიდვას, სატელიტზე ასვლას სჭირდება საბანკო გარანტია, რისი აღების უფლებაც ჩვენ აღარ გვაქვს", - თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას მოსაზრებით, მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. "პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება, მან საკუთრების უფლება დააყენა მედიის თავისუფლებაზე წინ - სხვა საკითხია, რომ ეს საკუთრების უფლებაც აბსოლუტურად საეჭვოა, იმიტომ, რომ სარჩელი, რომელზეც მიდის საუბარი, არის უპერსპექტივო, და ეს უპერსპექტივობა თვალნათლივ შეიძლება, დაინახოს პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, რადგან სარჩელი ხანდაზმულია. სარჩელი აპელირებს ძალადობრივ ჩამორთმევაზე. ძალადობრივ ჩამორთმევას აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობა, მას შემდეგ რაც ეს ძალადობის გარემოება ამოიწურება. ასეთი სარჩელის პირობებში მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც მედიის თავისუფლება უხეშად იქნა შეზღუდული. მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. ზონდერ-მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რაც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ნახა საზოგადოების მწვავე რეაქცია, ანგარიშების დაყადაღებაზე მოსამართლემ უარი თქვა. ანგარიშების დაყადაღება იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი. ანუ ჩვენ, პრაქტიკულად, დაგვხურავდნენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2 ხუთი დღის ვადაში ამ განჩინებას გაასაჩივრებს. პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს ამ საჩივრის განმხილველი; მეორე - საჩივარი განხილული იყოს ზეპირი მოსმენით. იმიტომ, რომ აქ არის უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესი; მესამე - განხილვა მოეწყოს სამი მოსამართლის მონაწილეობით. ერთი მოსამართლე არის ძალიან მოწყვლადი. მთელი ხელისუფლება კი ახლა ჩართულია სასამართლო კორპუსზე ზეწოლაში.

ყველა მოსამართლეს ვაფრთხილებ, სასწორზე არ არის, რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა/არარსებობა. მიიღეთ გადაწყვეტილება კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად, იყავით დამოუკიდებლები და პატივი ეცით მედიის და სიტყვის თავისუფლებას. რუსთავი 2 ვერ დაიხურება. ჩვენ არ გავჩერდებით. ასეთი მოქმედებებით ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ უშედეგო და უპერსპექტივოა. რუსთავი 2 ბრძოლას არ შეწყვეტს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. აღნიშნულს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, "რუსთავი 2-ისა და ქიბარ ხალვაშის საქმეში მთავრობის ჩართულობა ნულის ტოლია".

კომენტარები