მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემა

26 გრადუს ტემპერატურაზე მაღლა მიკროავტობუსის მძღოლები კონდიციონერს ჩართავენ

მიკროავტობუსის მძღოლებსა და კომპანია თბილისის მიკროავტობუსს შორის კონდიციონერებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, თუ ტემპერატურა 26 გრადუსს აღემატება, მძღოლი ვალდებულია მანქანაში კონდინციონერი ჩართული ჰქონდეს.

კომპანია თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განცხადებით, ტემპერატურის საზომი ყველა მიკროავტობუსშია დამონტაჟებული.

მიქიაშვილის განცხადებით, მძღოლებს ობიექტური მიზეზებით გამოწვეულ ვალებს ჩამოაწერენ.

"ძველი ვალების ჩამოწერა არის ძალიან განზოგადებული ცნება. არსებობს ვალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი. ობიექტურ მიზეზებს შორის არის ოლიმპიადის დროს გზის გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრთა რაოდენობის შემცირება. ამ დღეებიდან გამოწვეული ვალების ჩამოწერა მოხდება. ასევე, როდესაც ფუჭდება ავტომობილი, როდესაც არის ტექნიკური პრობლემა და არის გაჩერებული უფრო მეტი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ასევე მოხდება ამ ვალის ჩამოწერა. ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ამას მიეცემა ოფიციალური სახე", - განაცხადა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიღმის მასივში მდებარე ავტოპარკში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ვალების ჩამოწერას და გეგმის შემცირებას მოითხოვდნენ.

კომენტარები