ნარკოტესტირება

ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა - ნარკოტესტირება სასამართლოს ნებართვით

გოგა ხაჩიძე
ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც პირისთვის არანებაყოფლობით ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე ითვალისწინებს.

"ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შედეგად, არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება ვერ მოხდება სასამართლოს შესაბამისი განჩინების გარეშე.

2013 წელს ჯამში 60 196 ადამიანი გადაიყვანეს არანებაყოფლობით ნარკოლოგიურ ტესტირებაზე. მათგან 62%-ს არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი", - თქვა ხაჩიძემ.

კანონპროექტის თანახმად, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება, იგი უფლებამოსილი იქნება, დააკავოს იგი. თუ პირი ნარკოტესტირებაზე თანახმა არ იქნება, პოლიციელი მას წარუდგენს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შესახებ ვარაუდი დასაბუთებულია, მას უფლება ექნება, გამოიტანოს განჩინება არანებაყოფლობითი გამოკვლევის შესახებ.

პარლამენტში ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ინიციატივა მას შემდეგ დაარეგისტრირა, რაც 2015 წლის ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, განიხილონ სასამართლო კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.

პარლამენტმა ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა წარმოებაში უკვე მიიღო.

კომენტარები