სოციალურად დაუცველები

პრემიერი: სოციალურად დაუცველების შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწაზე ვმუშაობთ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მეთოდოლოგიის კიდევ უფრო მეტ დახვეწაზე მუშაობს.

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოტანილია ცვლილებების პაკეტი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. მოგეხსენებათ, რომ ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, საშუალება მოგვცა, რომ მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროება უფრო ნათლად დაგვენახა და გაგვეანალიზებინა. მე ვიცი, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ყველა ის საკითხი, რაც დახვეწას საჭიროებს. დღეს სწორედ მარტოხელა პენსიონერებისთვის, რომლებიც პროგრამის მიღმა დარჩნენ, საარსებო შემწეობის დადგენის საკითხს განვიხილავთ. უფრო მეტიც, ჩვენ მათ კომპენსაციის სახით ავუნაზღაურებთ შესაბამის თანხას, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მადლობა დავით სერგეენკოს ამ საკითხის მომზადებისთვის. 2012 წლიდან, შეფასების მეთოდოლოგია არაერთხელ გაუმჯობესდა ჩვენი მთავრობის მიერ და ჯანდაცვის სამინისტრო მის კიდევ უფრო დახვეწაზე მუშაობს", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაზეც ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიაზე რეგიონებისთვის დაკორექტირდა სამომხმარებლო ტარიფი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი ფენისთვის ეს აგვერიდებინა და 70 ათას ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს დაეფარა სრულად ტარიფის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ საკითხს დავამტკიცებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები