ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს, უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციასაც. ელმარ ბროკი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რუსეთის აგრესიის გამო.

„გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმების პროგრამას, მოდერნიზებას, რომელიც უნდა იყოს ან ევროპული პერსპექტივის, ან მის გარეშე. მაგრამ ჩვენ ვხედავთ პროგრესს სასამართლო სისტემის განვითარების კუთხით. ვფიქრობ, ასევე შესაძლებელია საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია მომავალი წლისთვის. გვინდა სოლიდარობა გამოგიცხადოთ იმის გამოც, რომ ზეწოლას განიცდით მეზობელი დიდი ქვეყნისგან. რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც მიუღებელია“ - განაცხადა ელმარ ბროკმა (რუსთავი 2-ის თარგმანი).

შეხვედრის მონაწილე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებში აქვს ევროპარლამენტის მხარდაჭერა, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიმტკიცის სურვილი.

„ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან ჩვენ გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების, საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს მათი ძალიან ძლიერი სურვილი, რომ საქართველო იყოს ერთიანი და კონსოლიდირებულ საზოგადოება, რომელიც პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის ნაცვლად დაკავდება ერთიანობით და პრობლემების მოგვარებით. სწორედ ასეთ საქართველოს ელიან ევროპაში, ამიტომ მხარდაჭერა გვაქვს ყველა მნიშვნელოვან საკითხში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტთან სწორედ ასეთი ფორმით გავაგრძელოთ ურთიერთობა“ - თქვა ბაქარაძემ.

რაც შეეხება ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს, ვიქტორ დოლიძის თქმით, მათ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიის გარდა, პროკურატურის რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ისეთ თემებზე, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გაგრძელებასა და ინტერვენციას - ხურვალეთის მოვლენებთან დაკავშირებით ვისაურეთ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებზე, ისე საგარეო ჩართულობის მნიშვნელობაზე რუსეთის აგრესიასთან და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო პარლამენტში მიმდინარე დისკუსიებსაც, მათ შორის პროკურატურის რეფორმას, სამართლდამცავი სისტემების რეფორმირებას, რომელიც ძალიან არასწორი ხაზით მიმდინარეობს. ამავე დროს, ყურადღება გავამახვილეთ ვიზის ლიბერლიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე“ - გაანცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და სოფელ ხურვალეთს ეწვევიან. გარდა ამისა, დღესვე, ევროპარლამენტარები გეგმავენ ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლას, სადაც პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდებიან.

კომენტარები