ელექტროენერგიის ტარიფი

ჯაფარიძე: ელექტროენერგეტიკის სისტემა დღგ-ისგან უნდა გათავისუფლდეს

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ბიუჯეტიდან სუბსიდირება საქართველოს ენერგეტიკის სისტემას კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. მისი თქმით, სახელმწიფომ ელექტროენერგეტიკის სისტემა უნდა გაათავისუფლოს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და შემოიღოს დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკა - განსხვავებული ტარიფები წლის სხვადასხვა სეზონსა და დღის სხვადასხვა პერიოდში. ჯაფარიძის აზრით, ამ ორი ნაბიჯის გადადგმით, ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შენარჩუნდება და გაიზრდება ელექტროსისტემის საინვესტიციო მიმზიდველობა.

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მიემართა ყველაზე არასწორი გზისთვის გამოსავლის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას. ეს არის არასწორი გზა. ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს ენერგეტიკის სისტემას კიდევ უფრო მეტ პრობლემამდე მიიყვანს. თუ მიზანი არის ის, რომ დაეხმაროს სახელმწიფო გაჭირვებულ მოქალაქეებს, და მათ შეუმსუბუქოს ყოფა, სუბსიდირება აქედან გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ ტარიფის გაზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ფასების ზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რაც საბოლოო ჯამში, ისევ გაჭირვებულ მოსახლეობას დააწვება ტვირთად. თუ მთავრობის მიზანია გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, ამ შემთხვევაში სწორი გამოსავალია ის, რომ სახელმწიფომ არ ამოიღოს იმდენი ფული, რამდენსაც იღებს კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორიდან, უარი თქვას საკუთარ ხარჯებზე, მათ შორის, შეამციროს საკუთარი ხარჯები რამდენიმე ასეული მილიონით და დატოვოს მეტი ფული საქართველოს ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ტარიფი აღარ გაიზარდოს. გასაკეთებელია ორი რამე: 1. ელექტროენერგეტიკის სისტემა უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. 2. მოხდეს გაეფექტურება ენერგეტიკის სისტემის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია განსხვავებული ტარიფების შემოღებით წლის სხვადასხვა სეზონსა და დღის სხვადასხვა პერიოდში, რასაც ე.წ. დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება ჰქვია. ამ სისტემას იყენებს ბევრი განვითარებული ქვეყანა", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, 1 აგვისტოდან ენერგო-პრო ჯორჯიას მილიონზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია უძვირდება. სატარიფო განაცხადით სემეკს თელასმაც მიმართა.

 

კომენტარები