ელექტროენერგიის ტარიფი

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკს კომპანია თელასმაც მიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით კომპანია თელასმაც მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

"კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.
კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის" საფუძველზე კომისია სამი სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის სს "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას", - აცხადებს სემეკი.

ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს ენერგო პრო ჯორჯიას მილიონზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია 3.95 თეთრით გაუძვირდა.

კომენტარები