ელექტროენერგიის ტარიფი

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების გეგმა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

ტაბულა

ელექტროენერგიის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. როგორც ცნობილია, სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან, რეგიონებში (კახეთის გარდა) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ის ჩათვლით 3.95 თეთრით ძვირდება. მთავრობა სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას გეგმავს.

"ფინანსთა სამინისტროში უკვე დავავალე ჩემს მოადგილეს, მუშაობენ ენერგეტიკის სამინისტროსთან, ქალაქის მერიასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმაზე, რომ პრემიერს დღეს საღამოს წარმოვუდგინოთ სუბსიდირების მექანიზმები, რომელსაც ალბათ ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას", - თქვა ხადურმა.

ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც გააკეთა.

"მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაა ის, რომ ელექტროენერგიის არსებული ტარიფის კორექტირება 3.48 თეთრით მოხდა. დოლარის გამყარებამ მთელს მსოფლიოში ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან გამოიწვია ეს პროცესები. ასევე იმან, რომ ჩვენ ყოველწლიურად, ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ელექტროენერგიის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. თბოელექტროსადგურებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ბუნებრივი აირი შემოაქვთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარიშსწორება ხდება დოლარში. გრძელვადიან პროცესში ის, რომ კომპანიებმა გამართულად იმუშაონ; ის, რომ არ მოხდეს გათიშვები და მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს; ინფრასტრუქტურა იყოს გამართული - ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული", - თქვა კალაძემ.

 

კომენტარები