ელექტროენერგიის ტარიფი

პრემიერი დენის ტარიფზე: იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, "მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის". მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს სუბსიდირების გეგმის მომზადება დაავალა. პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირება მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე არ უნდა იგრძნოს.

"დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს. გვესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ რეალობით, რომელიც არის რეგიონში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ანუ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მე კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ მართლაც ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება. სამი წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის გავაკეთეთ და ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს. მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სოციალურ პროექტებზე უკვე დავხარჯეთ 5 მილიარდ 370 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 4 მლნ-მდე ლარი, განათლების მიმართულებით 175 მლნ ლარი და ასევე, დევნილთა სოციალური პროექტებისთვის 100 მლნ-ზე მეტი. ბუნებრივია, დანახარჯები მოსახლეობას და ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდა და ეს იყო რეალური შემსუბუქება მათი ტვირთის. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში 3 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით წამოიწია ტარიფის თემა. მაშინაც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სემეკ-თან, მივაღწიეთ იმას, რომ სამომხმარებლო ტარიფი 3.54 თეთრით შევამცირეთ. ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ანუ ჩვენ მაშინ ვნახეთ, რომ რეალურად შეიძლებოდა ტარიფის შემცირება და წლების განმავლობაში მოსახლეობა იხდიდა ზედმეტობას, რაც მიმაჩნია, რომ იყო დიდი უსამართლობა წინა მთავრობის მხრიდან ჩადენილი, დანაშაულიც კი. იმიტომ, რომ მოსახლეობას ზედმეტად ახდევინებდნენ შეგნებულად, ხელოვნურად. მე ვიცი, რომ კომპანიებს გარკვეული ზედმეტობაც უფიქსირდებათ, რომლებიც შემდეგ ჩამოეწერებათ, უფრო სწორად, მოხდება ამის კომპენსირება იმით, რომ ზარალი, რომელიც მათ მიიღეს, გაიქვითება. გაბათილდება ის, ასე ვთქვათ, ზედმეტობა, რომელიც დაუგროვდათ წლების განმავლობაში და ის ზარალი, რომელიც ახლა მიიღეს, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად სამართლიანად ვცდილობთ მოვექცეთ ჩვენს მოსახლეობას. როგორც კი დადგინდება საბოლოო ტარიფი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს. მე ეს მინდა ცალსახად განვაცხადო. მინდა ფინანსთა, ასევე ეკონომიკის მინისტრებს დაგავალოთ, რომ დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ შევიკრიბოთ და სუბსიდირების საბოლოო ვარიანტი წარმოვადგინოთ. დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ვიმოქმედოთ, ისე რომ, დღეს საღამოს თუ არა, ხვალ მაინც ჩვენ მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ. ასე რომ, მოსახლეობამ ეს არ უნდა იგრძნოს საკუთარ ჯიბეზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ენერგო-პრო ჯორჯიასთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე სემეკი დღეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.

"კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე წარმოადგენს გაანგარიშებასა და დეტალურ ანალიზს, რაზეც კომისია საჯაროდ იმსჯელებს", - ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში. 

 

კომენტარები