საგარეო ვაჭრობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ექსპორტი $54 მილიონით შემცირდა

AFP via Getty Images

საქართველოს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წელს $54 მილიონით შემცირდა. აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა წელს მხოლოდ $57 მილიონს შეადგენს. ამერიკასთან ერთად საქართველოს ექსპორტი შემცირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აზერბაიჯანი ($160 მილიონით), რუსეთი ($45 მილიონით), სომხეთი ($58 მილიონით), თურქეთი ($3 მილიონით) და სხვა ქვეყნები ($63 მილიონით).

რუსეთში ექსპორტის შემცირება ღვინის ექსპორტის $45 მილიონით შემცირებას უკავშირდება, აზერბაიჯანში ექსპორტის $160 მილიონით შემცირება ავტოექსპორტზე დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია. თურქეთში ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არმატურის ექსპორტის კლებაა. 

ათი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია.

ამ ექვსი საქონლის სია ასე გამოიყურება: 

1) ავტომობილები $190-მილიონიანი კლება

2) ფეროშენადნობები $40-მილიონიანი კლება

3) ღვინოები $45-მილიონიანი კლება

4) აზოტოვანი სასუქები $23-მილიონიანი კლება

5) მინერალური წყლები $27-მილიონიანი კლება

6) სპილენძის მადნები და კონცენტრატები $8-მილიონიანი კლება

7) სხვა საქონელი $96-მილიონიანი კლება

2015 წელს ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13%-ით შემცირდა, რაც ექსპორტის შემცირებასთან ერთად იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. წელს საქართველოში შემოსული იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ $3.68 მილიარდი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. წელს ივნისის ჩათვლით საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $2.58 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $2.58 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია, რადგანაც სხვა წყაროები, როგორცაა ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, შემცირებულია, რაც ლარის გაუფასურების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, ავტომობილების ექსპორტის $190-მილიონიანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნები წარმოადგენს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება. 

 

კომენტარები