რამაზან-ბაირამი

პრემიერი: ჩვენ აღვადგინეთ მუსლიმების მიმართ, ძმობა, სიყვარული და პატივისცემა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც დღვანდელი გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმთა თემს, რომელსაც იფთარზე (მარხვის ვახშამი) უმასპინძლა. მან მუსლიმ თემს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ტოლერანტობით გამორჩეული ქვეყანაა.

„ჩემო ძმებო, ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობა და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ამითაა გამორჩეული ჩვენი ქვეყანა და ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყანა რელიგიური შემწყნარებლობით და ტოლერანტობით მართლაც გამორჩეულია და ქართული სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ემსახურება საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და  ტოლერანტობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარებას და მის პატივისცემას... ორი წლის წინ შევქმენით რელიგიის სააგენტო, მის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობისას დაიწყო და ეს სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმაა. სწორედ ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიდი წინაპრების ის ტრადიციული მიდგომები მუსულმანების მიმართ, ის ძმობა, სიყვარული და პატივისცემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და იარსებებს ჩვენს ქვეყანაში. ვიცი, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა სწავლობს საქართველოს მაგალითს, როგორ ვახერხებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ქრისტიანები და მუსლიმები. ჩვენ გვაქვს ერთი საიდუმლო და სწორედ ამ საიდუმლოთი ვახერხებთ ასეთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას – ეს სიყვარულია. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ღმერთი აერთიანებს და ჩვენ ყოველთვის ამ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის გზით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

რამაზანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. რამაზანის მარხვა წელს 18 ივნისს დაიწყო და დღეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულით დასრულდა.

კომენტარები