ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში

ათენს რეფორმათა პაკეტის დასამტკიცებლად რამდენიმე საათი დარჩა

images.scribblelive.com

დღეს, 15, ივლისს საბერძნეთს ბოლო დღე აქვს, რათა ევროკავშირის მიერ წარდგენილი რეფორმათა პაკეტი დაამტკიცოს. რეფორმების გეგმის მიუღებლობის შემთხვევაში ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა გაურკვეველი დროით შეიძლება გადაიდოს.

რეფორმების პაკეტი მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას, პრივატიზაციის პროცესის განახლებას და სოციალური ხარჯების შემცირებას გულისხმობს, ქვეყნის პრემიერმინისტრის და რადიკალური მემარცხენე პარტიის ლიდერის, ალექსის ციპრასის თქმით, მას ამ ცვლილებების ეფექტიანობის არ სჯერა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირი საბერძნეთს ფინანსურ დახმარებას რეფერენდუმამდე ქვეყნისთვის უფრო მოგებიანი პირობებით აძლევდა, რის შემდეგაც ალექსის ციპრასის დესტრუქციული ნაბიჯების გამო ევროპელი ლიდერების კეთილგანწყობა შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მისაღები სტრუქტურული რეფორმების პაკეტი ასე გამოიყურება:

  • უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი და გამჭვირვალე პრივატიზაციის პროგრამა, რომლითაც ქვეყნის სუვერენული ვალის ნაწილის დაფარვა მოხდება.
  • დამატებითი ღირებულებისა და სხვა გადასახადების განაკვეთის გაზრდა.
  • უნდა გატარდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და შემცირდეს საპენსიო დახმარების მოცულობა.
  • გასული ექვსთვიანი პერიოდის მანძილზე მიღებული ზოგიერთი კანონის გაუქმება უნდა მოხდეს.
  • საბერძნეთის საბაზრო ეკონომიკის ძირეული ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს და მთელი რიგი ბაზრები, მათ შორის ფარმაცევტული ბაზარიც კონკურენციისთვის უფრო ღია უნდა გახდეს. ქვეყანას OECD-ის რეკომენდაციების გათვალიწინებაც დაევალა.
  • ქვეყნის შრომის ბაზრის შესახებ მკაცრი მიმოხილვა უნდა მომზადდეს, აღნიშნული პუნქტი საბერძნეთის ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არალეგალური სამუშაო ძალის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეეხება.
  • უნდა მოხდეს ქვეყნის მმართველობის სისტემის დეპოლიტიზება.
  • საბერძნეთის ცენტრალური სტატისტიკის ბიუროს მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. (საბერძნეთის სტატისტიკის ბიურომ 1999 წელს ევროზონაში შესასვლელად მონაცემები გააყალბა)
  • ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება

საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევრო მართებს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 177%-ია. ქვეყნის ყველაზე დიდი კრედიტორი გერმანიაა.

კომენტარები