მცოცავი ოკუპაცია

მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში დიპლომატებს შეხვდებიან

ტაბულა

რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. უწყების პრესსპიკერის დავით კერესელიძის თქმით, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა ხდება ახლა საოკუპაციო ხაზთან. საგარეო უწყება გმობს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მოითხოვს, შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.

"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, ძალას, იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან", - განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სატელეფონო საუბარი უკვე შედგა ჟენევის დისკუსიების თანათავჯდომარეებთან. მისივე თქმით, ეს საკითხი უმკაცრესად დაისმება გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. 

ცნობისთვის, 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.

საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

 

კომენტარები