მცოცავი ოკუპაცია

კალაძე: თუ მილსადენს პრობლემა შეექმნება, ალტერნატიულ პროექტს განვახორციელებთ

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაქო-სუფსის მილსადენს რაიმე პრობლემა შეექმნება, მთავრობა ალტერნატიულ პროექტს განახორციელებს. "აქ საუბარია ზუსტად 1500-1600 მეტრის მონაკვეთზე ახალი მილების გაკეთებაზე", - ამბობს კალაძე. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"პრემიერმინისტრთან დიდი ხნის წინ მქონდა ამაზე საუბარი, როდესაც აქ იმის საშიშროება იყო, რომ გაებათ მავთულხლართები და შესაბამისად, რაიმე პრობლემა შექმნოდა ამ მილსადენს. არსებობს ალტერნატიული პროექტი, რომლის განხორიცელებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ რაიმე პრობლემას დავინახავთ ამ კონკრეტულ მილსადენთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე შევძლებთ ახალი მილსადენის განხორციელებას. აქ საუბარია ზუსტად 1500-1600 მეტრის მონაკვეთზე ახალი მილების გაკეთებაზე. პროექტი უკვე არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები იქნება, ამ პროექტს განვახორციელებთ.", - თქვა კალაძემ.

ორი დღის წინ კი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა. 

საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

კომენტარები