სახელმწიფოს თანხის მითვისება

სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "ნიუ კონსტრაქშენის" დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე.

"გამოძიებით დაადგენილია, რომ შპს "ნიუ კონსტრაქშენი" 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რის დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას. რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა. ჩარიცხული ავანსიდან გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში, "ნიუ კონსტრაქშენის" დირექტორს, გიორგი მჭედლიშვილს შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა დევნილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან 649 780 ლარის მითვისება. აღნიშნული ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, ასევე დაუსრულებელია", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7- დან 11 წლამდე ვადით.

 

კომენტარები