ყვარლის ტბა

m| group: ყვარლის ტბის აუზი ტექნიკური გაუმართაობის გამო დავხურეთ

კომპანია m| group-ის განცხადებით, ყვარლის ტბის ადმინისტრაციას პატრიარქის ვიზიტის გამო ჯავშნების გაუქმება არ გადაუწყვეტია. ტაბულაზე გამოქვეყნებული NEWS-ის საპასუხოდ კომპანია განცხადებას ავრცელებს. m| group-ის მტკიცებით, გუშინ აუზი და სპა კომპლექსი ტექნიკური გაუმართაობის გამო დახურეს.

"Tabula.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ კომპანია m| group საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. სტატიის ავტორმა შეცდომაში შეიყვანა მკითხველი, როდესაც განაცხადა, რომ კურორტის ადმინისტრაციამ ჯავშნების გაუქმება გადაწყვიტა პატრიარქის ვიზიტის გამო.

სტატიაში ნათქვამია, რომ სასტუმროს დამსვენებლებს სპა კომპლექსის ტერიტორია დაატოვებინეს პატრიარქის და მისი თანხმლები პირების გამო. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. აუზის ტექნიკური გაუმართაობის გამო, საღამოს 5 საათზე, სასტუმროს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ჩვეულებრივზე 3 საათით ადრე დაეხურა აუზი, რათა მომდევნო დღეს სტუმრებს ჩვეულ რეჟიმში ჰქონოდათ სპა კომპლექსით სარგებლობის საშუალება. ვწუხვართ, რომ ტექნიკურმა შეფერხებამ ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია და საზოგადოების ყურადღების არასწორი მიმართულებით გადატანა გამოიწვია. ბრიტანელი ტურისტი მეორეხარისხოვან სტუმრად თავს ნამდვილად ვერ იგრძნობდა, ვინაიდან ჩვენს ბინადრებს ინდივდუალურ, მასზე მორგებულ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენი უმთავრესი ღირებულება თითოეული დამსვენებლის კმაყოფილებაა და ნებისმიერი სტუმარი „ყვარლის ტბის კურორტზე“ თავს გრძნობს გამორჩეულ ბინადრად", - აცხადებს m| group-ი.

ყვარლის ტბის კურორტის დამსვენებლების ინფორმაციით კი, მათ გუშინ ილია მეორის ვიზიტის გამო, ყვარლის ტბის აუზის და სპა ცენტრის ტერიტორია დაატოვებინეს და ადგილზე მხოლოდ პატრიარქი და მისი თანხმლები პირები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები