რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს

rmp.ge

შპს რუსთავის ფოლადი რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს, ამის შესახებ დღეს კომპანიის დირექტორმა ნუგზარ კაჩუხაშვილმა განაცხადა. რუსთავის ფოლადში რეორგანიზაცია კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებსა და საერთაშორისო ბაზარზე ფოლადის ნაწარმის ფასის 40%-ით შემცირებას უკავშირდება. ნუგზარ კაჩუხაშვილის თქმით, კომპანია სავარაუდოდ 300-დან 500-მდე დასაქმებულს გაათავისუფლებს.

რუსთავის ფოლადი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში 2,100-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. კომპანიას ქართული წარმოების ფოლადი ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გააქვს. 

კომპანიის დირექტორის ნუგზარ კაჩუხაშვილის თქმით, უკანსკნელ წლებში კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა მიმდინარეობს. კაჩუხაშვილის თქმით, ამ დავების ფარგლებში კომპანიას გაუმართლებლად შეეზღუდა მრავალმილიონიან აქტივებზე წვდომა, მათ შორის შეზღუდულია საწარმოს ერთ-ერთ მთავარ ნედლეულზე, წიდაზე წვდომა, რის გამოც ქარხნის დატვირთვა შემცირებულია. კომპანიას საკუთარ აქტივებზე წვდომა ვინმე ეთერ მთვარალაშვილის სასარჩელო უზრუნველყოფის გამო შეეზღუდა, რომელიც ქარხანას 4553 ლარსა და 48 თეთრზე ედავებოდა. 

კომპანიისთვის სასამართლო დავებთან ერთად კიდევ ერთ პრობლემას ფოლადის ნაწარმზე ფასის შემცირება წარმოადგენს. 2014 წლის ბოლოსთვის ფოლადის პროდუქციაზე ფასები საშუალოდ 40%-ით შემცირდა, რის გამოც რუსთავის ფოლადის საფინანსო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2015 წლიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქარხანამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, რათა კომპანიის ეფექტიანობა ამაღლებულიყო. ეს რუსთავის ფოლადს კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე აძლევდა ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას. კომპანიის დირექტორის თქმით, ფოლადის ფასების შემცირებას იმდენად დიდი ზარალი მაინც არ მიუყენებია კომპანიისთვის, რამდენადაც სასამართლო დავებმა დააზიანეს. 

კომპანიის დირექტორის თქმით, დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნუგზარ კაჩუხაშვილის თქმით, კომპანია იძულებულია მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით მასობრივად დაითხოვოს თანამშრომლები. 

შპს რუსთავის ფოლადის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ქარხნის წინააღმდეგ არსებულ აბსურდულ დავებზე სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც კომპანიას მომავალში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ააცილებს.

 

კომენტარები