აუქციონი

ეკონომიკის სამინისტროს შენობა ფიზიკურმა პირმა 9,5 მილიონ დოლარად იყიდა

ეკონომიკის სამინისტროს შენობა ფიზიკურმა პირმა თამარ მაზიაშვილმა იყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით , მაზიაშვილი საპრივატიზაციო ობიექტში 9 მილიონ 450 ათასი აშშ დოლარს გადაიხდის, ქონების საწყისი ღირებულება კი 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. აუქციონში გამარჯვებულმა 2016 წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება. აუქციონის პირობების მიხედვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საქვეუწყებო ორგანიზაციების თანამშრომლებს აღნიშნული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლიათ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

თბილისში, ჭანტურიას N12–ში მდებარე უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკირებისათვის.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება და ბიჯების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. დადებული ბიჯების რაოდენობამ 690 ბიჯი შეადგინა.

კომენტარები