აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2014

სახ.დეპ: პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა საქართველოს უმთავრესი პრობლემაა

2014 წელს ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში ყველაზე სერიოზული პრობლემა ოჯახური და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა იყო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ არატოლერანტულობის ზრდა შეინიშნება, რაც სიძულვილის ენაში, რელიგიური ჯგუფების ღვთისმსახურების აღსრულებაში ხელის შეშლასა და მათ შევიწროვებაში გამოიხატება, რაც ხელს უშლის შეკრების თავისუფლებას.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუდმივი ხარვეზებია სასამართლო სისტემაში, რამაც დაუსრულებელი გამოძიებები, ეჭვმიტანილთათვის ნაადრევად ბრალის წაყენება და წინასწარი დაკავების არასწორი გამოყენება გამოიწვია.

"სხვა პრობლემები, რაც წლის განმავლობაში დაფიქსირდა, იყო სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა მიერ ძალადობა, ციხის არასტანდარტული პირობები, სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესახებ ბრალდებები, ბრალდებები არასწორი, უადგილო ელექტრონული თვალთვალის შესახებ, ოპოზიციურ ძალებზე ზეწოლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, დევნილების არასტანდარტული საცხოვრებელი პირობები. შშმ პირების უფლებები კვლავაც პრობლემატურია, ასევე საქართველოს მთავრობამ მარცხი განიცადა შეექმნა შრომის ინსპექცია, როგორც ეს 2013 წლის შრომის კოდექსით იყო მოთხოვნილი", - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

კომენტარები