დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი უწყებაში კორუფციის არსებობას უარყოფს. ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რეხვიაშვილი აცხადებს, რომ დევნილთა შენობების რეაბილიტაცია არ არის დასრულებული და სამინისტროს ინიციატივით, პასუხისგებაში მიცემულია სამი თანამშრომელი.
"არის პრობლემური ორი სამშენებლო კომპანია: NBG და New Constructions-ი. სამინისტროს ინიციატივით, გადაგზავნილია მასალები საგამოძიებო ორგანოებში და მათი ხელმძღვანელობა არის პასუხისგებაში მიცემული. პასუხისგებაში მიეცა ის ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ვინც იმ წლებში მუშაობდნენ და გარკვეულ მონიტორინგს ახდნდნენ მშენებლობებზე", - განაცხადა დევნილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, დევნილთა საცხოვრებლების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 10.2 მილიონი ლარი გაიფლანგა. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, არამიზნობრივად დახარჯული თანხის 85% სახელმწიფომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ავანსად ჩაურიცხა.