ფინანსთა მინისტრის თქმით, სტიქიამ ქვეყანა 100 მილიონზე მეტით აზარალა. ზარალის დათვლა ჯერ დასრულებული არ არის. ხადურს ბიუჯეტის სეკვესტრის გეგმა 10 ივნისს უნდა წარმოედგინა და არ წარმოუდგენია. ახლა დაგვიანების ლეგიტიმური მიზეზი მიეცა, ზარალს ითვლის, რომელიც სეკვესტრირებულ ბიუჯეტში უნდა აისახოს.
ბიუჯეტში უნდა აისახოს ისიც, თუ საიდან დაიფარება გარღვეული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები - 2015 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ამ პროექტზე 20 მილიონით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
ბიუჯეტში უნდა აისახოს ისიც, რომ ეკონომიკა არა დაგეგმილი ხუთით, არამედ მხოლოდ ორი პროცენტით გაიზრდება. ამას გარდა, სექტემბერში მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის საკითხიც უნდა გადაწყვიტოს - ლარის გაუფასურების გამო, ტარიფის მატება გარდაუვალია, თუ გვსურს ელექტროენერგიის გარეშე არ დავრჩეთ.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, ტარიფის მატების შემთხვევაში, ხელისუფლება მასშტაბურ სუბსიდირებას განიხილავს (კახეთში უკვე ისედაც ხდება) - ბიუჯეტში ცხადია არც ესაა გათვალისწინებული. თუ აპირებენ, თადარიგი ახლავე უნდა დაიჭირონ და ასახონ.
ამასობაში სტატისტიკის სამსახურმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, როგორც გაირკვა 2015 წლის პირველ ხუთ თვეში ექპორტი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ხოლო იმპორტი 9 პროცენტითაა შემცირებული.
იმპორტის შემცირების ტენდენციამ ლარის კურსი, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე, შესაძლოა ცოტა ხნით დააბალანსოს, მაგრამ ამასობაში პრობლემები შეექმნა ტურიზმს, როგორც უცხოური ვალუტის და შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფაქტორს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ჩივიან, რომ სტიქიური უბედურებისა და ქუჩაში მორბენალი მტაცებელი ცხოველების გამო, საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი იკლებს.
რა დარტყმა მიაყენა სტიქიამ, ისედაც დასუსტებულ ქართულ ეკონომიკას - ამაზე ვმსჯელობთ თეორემაში.




