ე.წ. კაბელების საქმე

სასამართლო კაბელების საქმეზე: განცხადების გაკეთება მიზანშეუწონელია

უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და "არჩევანის" გუშინდელ გადაცემას ეხმაურება. ცნობისთვის, გუშინდელ გადაცემაში კონფიდენციალურმა წყარომ რუსთავი 2-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელზე ზეწოლა განხორციელდა და ჯუღელი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაცია რუსთავი 2-ს ირაკლი ალასანიამაც მიაწოდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მან ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეც და საქართველოს პრეზიდენტიც საქმის კურსში ჩააყენა.  

"2015 წლის 23 ივნისს ტელეკომპანიის რუსთავი 2 გადაცემაში არჩევანი გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ე.წ. კაბელების საქმეს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. კაბელების საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, სამართალწარმოება არ დასრულებულა, მორიგი წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 26 ივნისს 11 საათზე.

სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გაასაჩივრონ სასამართლოს აქტები და საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სხვა კომენტარისა და განცხადების გაკეთება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, სამართალწარმოების მონაწილე პირთა ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები