კანონპროექტი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

NGO-ები: ამ ფორმით შსს-ს ახალი კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, უსაფრთხოების სამსახურის შესახებ არსებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებენ საპოლიციო და უშიშროების სამსახურების გამიჯვნის ინიციატივას. თუმცა, მიიჩნევენ, რომ გამიჯვნა რეალურ შინაარსს უნდა ატარებდეს და ქმნიდეს არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფუნქციური გაყოფის საფუძველს, შემოთავაზებული კანონპროექტი კი აღნიშნულ გარანტიას ვერ ქმნის.

"ის მხოლოდ ფორმალურ გამიჯვნას წარმოადგენს და დამატებით უკავშირდება არაერთი ახალი საფრთხის წარმოშობას ადამიანის უფლებებისა და კანონიერი მმართველობის პრინციპის წინააღმდეგ. მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის არსებულ რედაქციას და ხელი შეუწყონ მსჯელობის გაგრძელებას კანონპროექტთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების სამსახურებს უნარჩუნდებათ სამართალდაცვითი, საგამოძიებო და პრევენციული ფუნქციები. უშიშროების სამსახურებს ეძლევათ სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების უფლება, მოქალაქეთა თავისუფლებაში უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა.

"უსაფრთხოების სამსახურები, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სასამართლო კონტროლის გარეშე მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას და ამავე რეჟიმში (სასამართლო კონტროლის გარეშე) ახორციელებენ ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული ფოტო და კინო გადაღება, მაშინ როდესაც ანალოგიურ ღონისძიებებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით ავრცელებს სასამართლო კონტროლს. სამსახურებს აგრეთვე წვდომა აქვთ ფარული მიყურადების ტექნიკურ მოწყობილობებზე. ასეთ პირობებში უსაფრთხოების სამსახურებისთვის საგამოძიებო ფუნქციის შენარჩუნება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სამსახურების საქმიანობა ნაკლები გამჭვირვალობით ხასიათდება, მასზე არ ვრცელდება საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმები (ნდობის ჯგუფის მანდატი შეზღუდულია). ამდენად, ფაქტობრივად შეუძლებელია უსაფრთხოების სამსახურების მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმიანობის შესაბამისი კონტროლი, ისევე როგორც იმის შემოწმება, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ხომ არ ხდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დაბალი სტანდარტით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება.

განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომელიც ნათლად ადგენს, რომ შიდა უშიშროების სამსახურებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი სამართალდამცავი უფლებამოსილების გატარების შესაძლებლობა, როგორიცაა გამოძიება და პირის დაკავება, რამდენადაც ეს წარმოშობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს. ეს უფლებამოსილებები ექსკლუზიურად პოლიციას უნდა ჰქონდეს, რათა მათ გამოყენებაზე ვრცელდებოდეს გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმები.

"აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის წევრების მიერ კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციისთვის პრინციპების დონეზე მხარდაჭერა გამორიცხავს შემდგომში კანონპროექტის არსებით გადამუშავებას, რაც შექმნის შეუქცევად საფუძველს ადამიანის უფლებებისთვის დამატებითი რისკების შესაქმნელად. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე აუცილებელია კანონპროექტის არსებითად გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით:

• უშიშროების სამსახურების მანდატი უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ანალიტიკური მიზნებით და მას არ ჰქონდეს საგამოძიებო და სამართალდაცვითი ფუნქიები;

• ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს უშიშროების სამსახურების მანდატი, მათი კომპეტენცია და ფუნქციები;

• არ დარჩეს კითხვები და ბუნდოვანება იმ პრევენციულ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენების უფლებაც უშიშროების სამსახურებს ექნებათ;

• ყველა მნიშვნელოვანი და უფლების შემზღუდველი საქმიანობის შესაძლებლობა კანონშივე ნათლად უნდა იყოს აღნიშნული", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის წარმოდგენილ ვერსიას. განცხადებაში წერია, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კანონპროექტის დახვეწაზე შემდგომი მუშაობა, რაც შეუძლებელი იქნება პირველი მოსმენით მისი მიღების შემთხვევაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"

 

კომენტარები