საგარეო ვაჭრობა

ენმ: ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები 2015 წლის იანვარ-მაისის საგარეო ვაჭრობაზე, პირდაპირ მიუთითებს იმისკენ, რომ "ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია". საქტატის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 25%-ით, იმპორტი კი 9%-ითაა შემცირებული, რაც, მაჭავარიანის თქმით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა გრძელდება.

„ექსპორტი დოლარის - ვალუტის შემოდინების წყაროა. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი. საქართველომ შარშან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე ემუშავა, 2015 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტი 242 მლნ აშშ დოლარი იყო - რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან. ექსპორტში მინდა გამოვყო რამდენიმე სასაქონლო ჯგუფი, რომელიც საერთო სურათისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაგაცნობთ მონაცემებს, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია: მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან შემოსული თანხა 154 650 მლნ დოლარით შემცირდა და ნაცვლად 242 მლნ დოლარისა, 88 მლნ დოლარი შეადგინა. 60%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი და 70 მილიონის ნაცვლად, 31 მილიონი შემოვიდა. შემცირებულია მინერალური წყლების ექსპორტიც. საერთოდ, ექსპორტი შემცირებულია თითქმის ყველა მიმართულებით. ერთადერთი გამონაკლისი თხილისა და კაკალის ექსპორტია, რომელიც გაიზარდა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობას ორიენტაცია რუსულ, არასტაბილურ ბაზრებზე აქვს აღებული, რაც არასწორია. ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობას სწორედ ევროკავშირის სავაჭრო ბაზრების ასათვისებლად უნდა დაეწყო მუშაობა, რაც სამწუხაროდ არ ხდება", - აცხადებს მაჭავარიანი და შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ აზერბაიჯანთან ექსპორტი 48%-ითაა შემცირებული.

"ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია არც გეგმა და არც სტრატეგია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მათი საკითხისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ გავიხსენებთ დაპირებას, რომ მთავრობა შექმნიდა ექსპორტის წახალისების სააგენტოს, რომელიც როგორც სხვა მრავალი დაპირება, არ შესრულებულა. სააგენტო არ შექმნილა, მთავრობა კი, თავის მხრივ, არაფერს აკეთებს ექსპორტის წასახალისებლად, რაც თავისთავად შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკისათვის", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

კომენტარები